"ვიბრძვით მთავარისთვის" - 18 მაისს, 19:00 საათზე მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება.
მარში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.
ღონისძიების ორგანიზატორები მთავარი არხი, ფორმულა და კავკასია არიან.
"16 მაისს, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით, ქართულმა ოცნებამ ერთდროულად გათელა ფეხქვეშ ადამიანის უფლებები, სასამართლო, სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის ევროპული მომავალი.
დღეს, როცა გახსნილია შესაძლებლობის ფანჯარა, კრიტიკული მედიის მფლობელის დაპატიმრება არის უკან დახევა ათწლეულობით ნაბრძოლი და ნაშრომი ევროინტეგრაციის შესაძლებლობისგან და დაბრუნება რუსეთში, საიდან თავის დაღწევასაც საქართველოს პატრიოტთა არაერთი თაობის წარმომადგენელთა სიცოცხლე შეეწირა და ეწირება ახლაც.
კრიტიკული მედია დღეს ერთადერთია, რაც საქართველოს რუსეთისგან განასხვავებს და ახლა მედიას სოლიდარობა სჭირდება. 18 მაისს, 19:00-ზე, მედიის სოლიდარობის მარში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. გელით ყველას, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთში დაბრუნება და გსურთ მოიპოვოთ თავისუფლება"- ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.